რენესანსი, ასევე აღორძინება (ძვ. ფრანგ. Renaissance, ნიშნავს "ხელმეორედ დაბადებას"), ერთ-ერთი უდიდესი ეპოქათაგანი, გარდატეხის ეტაპი მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში, გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას (თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი). ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია, დაიწყო იტალიაში გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა.
აღორძინების ეპოქამ იტალიაში რამდენიმე ეტაპი განვლო: ადრეული აღორძინება, რომელშიც თანდათანობით იჩენს თავს ახალი ხელოვნების ნიშნები; მაღალი აღორძინება, რომელმაც კაცობრიობას მისცა ისეთი სწორუპოვარი ოსტატები, როგორებიც არიან ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანტი; გვიანი აღორძინების ხანა, როდესაც ეკონომიკისა და ვაჭრობის დაცემამ, კათოლიციზმის ბრძოლამ ჰუმანისტური კულტურის წინააღმდეგ განაპირობა კიდეც ღრმა კრიზისი ხელოვნებაში. აღორძინების სამშობლოდ იქცა ფლორენცია.
აღორძინების ეპოქის განმასხვავებელი თვისება იყო ინტერესი, პირველ რიგში, ადამიანისა და მისი მოღვაწეობის მიმართ. ღვივდება ინტერესი ანტიკური კულტურის მიმართ, ეს კულტურა ხელახლა იბადება, რაზეც თვით ტერმინი მიუთითებს. ტერმინი "აღორძინება" გადაქცეულია კულტურული აყვავების მეტაფორად. ამ მოძრაობის სულისჩამდგმელები ისეთი შემართებით იღვწოდნენ, რომ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩარჩენილი მათი თანამედროვენი აიძულეს, რომ გადაეხედათ საკუთარი ესთეტიკისთვის, უარი ეთქვათ შუა საუკუნეების ტრადიციებზე და არ დაჰპირისპირებოდნენ სიახლეებს.
მხოლოდ ძველი დიდების მქონე საბერძნეთს და რომს შეეძლოთ აეხსნათ კაცობრიობისთვის, რომ ზოგიერთი ძველი შეხედულება მართებული არ არის: მიწა ოკეანის ჰორიზონტის გაღმაც არსებობს, დედამიწა ბრტყელი კი არა, მრგვალია, მზის გარშემო ბრუნავს და როგორც უძველეს დროში, რენესანსის ხანაშიც ადამიანი იმიტომ მოვიდა, რომ ყველგან და ყოველთვის მოვლენათა შუაგულში იყო.
იტალიური რენესანსი XV საუკუნეში წარმოადგენდა დასავლეთის კლასიკურ ანტიკურობასთან დაახლოებას, ცოდნის აბსორბციას, ყურადღების გადატანას ბედნიერი ცხოვრების მნიშვნელოვნებაზე ამწყოში (რელიგიური საიქიოს ნაცვლად).
ხელოვნებაში, პოეზიასა და არქიტექტურაში ახალი ტექნიკის შექმნამ თავისდა წილად განაპირობა ხელოვნებისა და ლიტერატურის სტილისა და შინაარსის რადიკალური შეცვლა (ან ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, შემობრუნება კლასიციზმისკენ). იტალიური რენესანსი ხშირად გაიგივებულია "თანამედროვე" ეპოქის დასაწყისთან.
მართალია ანტიკურმა იდეალებმა დიდი როლი ითამაშა ახალი ხელოვნების შექმნაში, მაგრამ მაინც ეს იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნების (ბელგია, ჰოლანდია, გერმანია, იტალია) განვითარების შედეგი.
ადამიანი კვლავ ხდება მთავარი ფასეულობა, დგება ინტერესების ცენტრში. რაციონალიზმი, ჰუმანიზმი და ინდივიდუალიზმი ხდება რენესანსის ხანის შემოქმედთა მთავარი დევიზი — "რეალური ადამიანი რეალურ გარემოში".
აღორძინების ხელოვნება, მოწოდებული ვიზუალურად სრულყოფილი, იდეალური ადამიანის განსადიდებლად, შთაგონების წყაროს ანტიკური სამყაროს კულტურულ მემკვიდრეობაში ეძებდა. მთელ იტალიაში წარმოებდა გათხრები. საუკუნეთა განმავლობაში დავიწყებას მიცემული ანტიკური ქანდაკებები მკვდრეთით აღდგნენ და კვლავ მოევლინენ ქვეყნიერებას, მაგრამ ახალი დროის ხელოვნება, ანტიკური ხელოვნების მექანიკური მიბაძვა როდი იყო. მასში სრულიად ახალი შინაარსი იყო ჩადებული. ამგვარად, "აღორძინება" სწორედ რომ ანტიკური ხანის ხელოვნებისადმი ინტერესის აღორძინებას ნიშნავდა. ხელოვნებამ თავის სამსახურში ჩააყენა მეცნიერება, აღორძინების ეპოქის მხატვრები სწავლობდნენ ანატომიას, არქეოლოგიას, მათემატიკას...
თანამედროვე ისტორიკოსები რენესანსს თვლიან როგორც ჰუმანიზმზე და კლასიკურობაზე დამყარებულ კულტურულ პროგრამას ან მიმდინარეობას, ვიდრე სრულიად ისტორიულ ეპოქას.

რენესანსის ეპოქის მხატვრების ბიოგრაფია თუ შეგიძლიათ დადოთ??
ReplyDelete