Tuesday, January 28, 2014

ფერწერა


ფერწერა სახვითი ხელოვნების უძველესი სახეა, რომელმაც განვითარების ხანგრძლივი პერიოდი განვლო გამოქვაბულის კედლების მოხატულობებიდან თანამედროვე ფერწერის უახლეს მიმდინარეობებამდე. მხატვრობის ეს სახე დაკავშირებულია სურათების, ფერწერული ტილოების შექმნასთან. მხატვარი საკუთარ შემოქმედებით დამოკიდებულებას საზოგადოებრივი და ბუნებრივი მოვლენებისადმი საღებავების მეშვეობით რაიმე ზედაპირზე გადმოსცემს, იქმნება ფერწერის ნიმუში.  ფერწერის ნიმუშებს შეუძლიათ ბუნება, ხორცი შეასხან ისტორიულ მოვლენებს, მითოლოგიურ სახეებს, ზოგადსაკაცობრიო იდეებს. ფერწერაში გამოიყოფა ორი ძირითადი სახე: მონუმენტური და დაზგური.
მონუმენტური ფერწერა დაკავშირებულია არქიტექტურასთან (ნაგებობების კედლებისა და ჭერის მოხატულობა, მათი მორთვა ვიტრაჟებით, მოზაიკით, ფრესკით(მთავარანგელოზი გაბრიელი, ხარების სცენა)(სენ–დენის სააბატო). დაზგური კი ეწოდება დამოუკიდებელი მნიშვნელობის სურათებს. (ფერმწერი ხატავს უმთავრესად ტილოზე, რომელიც გადაჭიმულია ჩარჩოზე და დამაგრებულია მოლბერტზე, მას აგრეთვე შეგვიძლია ვუწოდოთ დაზგა. აქედან მომდინარეობს სახელწოდება “დაზგური ფერწერა”). (ვერსალის სასახლე)
სამყაროს მრავალფეროვნებამ განსაზღვრა ფერწერის ჟანრთა ნაირგვარობა. გამოსასახი საგნებისა და მოვლენების  მიხედვით ფერწერა იყოფა ჟანრებად, რომელთაგან მთავარია: პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი, ანიმალისტური, ბატალური, ისტორიული და სხვ. ზოგჯერ, ფერწერის ნიმუშებში აღნიშნული ჟანრები ერთმანეთს ერწყმის.   
ისტორიული ფერწერა ასახავს კლასიკურ ისტორიულ, რელიგიურ და მითოლოგიურ სცენებს. მხატვრობის ამ მიმდინარეობას საფუძველი ჩაუყარა ფრანგმა მხატვარმა, აქიტექტირმა და თეორეტიკოსმა ანდრე ფელიბიენმა, 1667 წელს. უმეტესწილად ისტორიული ფერწერის მთავარი მიზანია ისტორიის ამა თუ იმ ფაქტის ვიზუალურად შენარჩუნება.
  ნატურმორტი–(მკვდარი ბუნების სიბრტყეზე გადმოცემა) სახვითი ხელოვნების ჟანრი ან ამ ჟანრის ნაწარმოები. თვითონ გამოსახვის ობიექტიც, ასევე იწოდება ნატურმორტად. იგი შეიძლება შედგებოდეს არა მხოლოდ უსულო საგნებისაგან, არამედ მოიცავდეს ბუნებრივ ფორმებსაც. ამიტომ უფრო ზუსტია სახელწოდება, რომელიც მიღებულია ინგლისურენოვან ქვეყნებში-Still life (წყნარი სიცოცხლე) ნატურმორტის ხელოვნება, როგორც ჟანრი, გაჩნდა ჰოლანდიაში, XVII ს–ის დასაწყისში. (კარავაჯო. კალათა ხილით)
პეიზაჟი არის სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელშიც ბუნების სურათია ასახული. თავდაპირველად პეიზაჟი წარმოადგენდა მხოლოდ ფონს ფიგურულ სურათებში. დამოუკიდებელი პეიზაჟების ხატვა აღორძინების ხანის დიდმა მხატვრებმა დაიწყეს–გერმანელმა  ალბრეხტ დიურერმა (1471–1528), გენიალურმა იტალიელმა ლეონარდო და ვინჩიმ (1452–1519) და სხვებმა.
არის პეიზაჟები, რომლებშიც გამოსახულია ქალაქის ან ზღვის ხედები. მაგალითად: რუსი პეიზაჟისტის აივაზოვსკის (1817–1900)  ტილოები. (მეცხრე ტალღა, ტიფლისი)
პორტრეტი–პიროვნების (ან ადამიანთა ჯგუფის) გამოსახვა. გარდა, გარეგანი ინდივიდუალური მსგავსებისა, მხატვარი პორტრეტში გადმოგვცემს ადამიანის ხასიათს, ასევე იმ ეპოქის თავისებურებებს, რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობს. პორტრეტი ძირითადად ნატურიდან იქმნება. პორტრეტის რამდენიმე სახეობა არსებობს: პორტრეტი ინტერიერში, პორტრეტი პეიზაჟის ფონზე, ჯგუფური პორტრეტი. პორტრეტის სპეციფიკური ტიპია ავტოპორტრეტი. გამოსახვის ხასიათით გამოიყოფა პორტრეტის ორი ჯგუფი: კამერული და პარადული. კამერულ პორტრეტში მოდელი, უმთავრესად, გამოსახულია ნეიტრალურ ფონზე, წელსზემოთ ან მხრებამდე.  პარადული პორტრეტისათვის დამახასიათებელია მოდელის გამოსახვა სრული ზომით, ხშირად არქიტექტურულ ან პეიზაჟურ ფონზე.
პორტრეტული ჟანრი უძველეს პერიოდში ჩაისახა. მისი პირველი ნიმუშები ძველი აღმოსავლეთის, კერძოდ ძველი ეგვიპტის ხელოვნებაში გვხვდება. (ლეონარდო და ვინჩი
“მონა ლიზა”, რაფაელ სანტი– ავტოპორტრეტი)
„მონა ლიზას“ ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა ნახატებს. ის მიჩნეულია მსოფლიო კლასიკის შედევრად.
ანიმალისტური ჟანრი (XVI-XVII ს.ს) დაკავშირებულია ცხოველების გამოსახვასთან. მხატვარს, რომელიც ძირითადად აღნიშნულ ჟანრში მუშაობს, ანიმალისტსუწოდებენ.                                                                                                                      (ალბრეხტ დიურერი 1471–1528)

ბატალური ჟანრი ასახავს ომსა და სამხედრო ცხოვრებას. ამ ჟანრში უმთავრესია ბრძოლის სცენებისა და სამხედრო ლაშქრობების ასახვა. მისი მიზანია აღწეროს ომის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტი. ის გადმოგვცემს ბრძოლის პათოსს, მებრძოლთა გმირობას, ზოგჯერ კი ხსნის ომის ისტორიულ არსს. ამით ბატალური ჟანრი ისტორიულ ჟანრს უახლოვდება.                             (წყარო1, წყარო2, წყარო3, წყარო4, წყარო5)

რას ნიშნავს მხატვრობა?


შესაძლოა, რომ მხატვრობას თითოეულმა ადამიანმა სხვადასხვა ახსნა მოუძებნოს, თუმცა არც თუ ისე განსხვავებული. მე კი ვეცდები, რომ ჩემი შეხედულებით ავხსნა თუ რაში მდგომარეობს მხატვრობის არსი.
ხატვა გრძნობების გამოხატვის, საგნებისა და მოვლენების საკუთარი ხედვით გადმოცემის შესანიშნავი საშუალებაა. ეს არის უფლის მიერ ბოძებული უძვირფასესი ნიჭი, რომლითაც ყველა არ არის დაჯილდოებული.
ნახატს ქმნის მხატვრის შთაგონების წყარო. ხატვის სურვილი ყოველივე ხილულისა თუ უხილავის სიღრმისეული აღქმიდან მომდინარეობს. ფუნჯს ამოძრავებს მხატვრის გულის სიღრმიდან მომავალი გრძნობები. ზოგიერთ ნახატში მხატვარი ქმნის საკუთარ სულის სარკეს.
     მხატვარობა და პოეზია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მხატვარს შეუძლია იმავე იგრძნოს, რასაც გრძნობს პოეტი. მხატვარი ფერებით, შტრიხებით გადმოგვცემს ემოციას, პოეტი კი სიტყვის ოსტატობით. ხშირად, რაიმე იდეალურის შექმნის სურვილს შემომქმედის სულში დაგროვილი გრძნობები იწვევს. ეს გრძნობები უსასრულობისკენ იწყებენ სწრაფვას და თანდათან თვალწინ გვესახება მშვენიერი ქმნილება. მაგალითად: რომანტიკოსთა შემოქმედება მთლიანად გრძნობებს ემყარება. რომანტიზმის ერთ–ერთი იდეალური ნიმუშია ნიკოლოზ ბარათაშვილის “მერანი”, რომელშიც ავტორი გვიხატავს სრულყოფილებისკენ სწრაფვის დინამიკურ სურათს და  შესანიშნავად გადმოგვცემს საკუთარ გრძნობებს.
თუკი ადამიანი შემოქმედობითობის  ნიჭითაა დაჯილდოებული, მისი ქმნილებები (ნახატი, ლექსი და ა.შ.)  ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევიან, მეტიც ქმნილებები ავტორის სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობენ.

ხელოვნების მნიშვნელობა და საჭიროება


რა როლს თამაშობს ხელოვნება ადამიანის ცხოვრებაში? ხელოვნება ვითარდებოდა კაცობრიობის განვითარების კვალდაკვალ. ადამიანი ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩასწვდომოდა თავის გარშემო არსებულ სამყაროს. ცდილობდა აეხსნა მოვლენები და ყოველივეს, რასაც გაიაზრებდა, გადაეცა მომავალი თაობებისთვის. ხელოვნება შესანიშნავი საშუალებაა ამისა. ამ მცდელობის შედეგად წარმოიშვა კედლის მხატვრობა გამოქვაბულებში. ადამიანები სამყაროს ჰარმონიულობით მიღებულ ემოციებს, სასურველ ინფორმაციას ხატვით გადასცემდნენ და უზიარებდნენ სხვებს.
ინფორმაციისა და შთაბეჭდილებების  გადაცემასთან ერთად, ხელოვნების მნიშვნელობა მდგომარეობის იმაშიც, თუ როგორ შეიძლება წარმართოს მან ადამიანების ცხოვრება. მაგალითად აღორძინების ეპოქის იდეალურ ქმნილებებს, რომლებშიც კაცობრიობის ცხოვრების კონკრეტული ეპიზოდები ღრმადაა გააზრებული, შეუძლიათ დაგვაბრუნონ იმ ეპოქაში. გენიოსების მიერ აღქმული და გადმოცემული სამყაროს გააზრებას მივყავართ სრულყოფილებამდე. ხელოვნების მიზანიც სწორედ ამას ემსახურება.

ხელოვნება აერთიანებს არქიტექტურას, თეატრს, კინოხელოვნებას, ლიტერატურას, მუსიკას, მხატვრობას, ფოტოგრაფიას და ა.შ. მათ გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია.  გამოვყოფ მხატვრობას და ვრცლად გესაუბრებით მასთან დაკავშირებით.