Tuesday, January 28, 2014

რას ნიშნავს მხატვრობა?


შესაძლოა, რომ მხატვრობას თითოეულმა ადამიანმა სხვადასხვა ახსნა მოუძებნოს, თუმცა არც თუ ისე განსხვავებული. მე კი ვეცდები, რომ ჩემი შეხედულებით ავხსნა თუ რაში მდგომარეობს მხატვრობის არსი.
ხატვა გრძნობების გამოხატვის, საგნებისა და მოვლენების საკუთარი ხედვით გადმოცემის შესანიშნავი საშუალებაა. ეს არის უფლის მიერ ბოძებული უძვირფასესი ნიჭი, რომლითაც ყველა არ არის დაჯილდოებული.
ნახატს ქმნის მხატვრის შთაგონების წყარო. ხატვის სურვილი ყოველივე ხილულისა თუ უხილავის სიღრმისეული აღქმიდან მომდინარეობს. ფუნჯს ამოძრავებს მხატვრის გულის სიღრმიდან მომავალი გრძნობები. ზოგიერთ ნახატში მხატვარი ქმნის საკუთარ სულის სარკეს.
     მხატვარობა და პოეზია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მხატვარს შეუძლია იმავე იგრძნოს, რასაც გრძნობს პოეტი. მხატვარი ფერებით, შტრიხებით გადმოგვცემს ემოციას, პოეტი კი სიტყვის ოსტატობით. ხშირად, რაიმე იდეალურის შექმნის სურვილს შემომქმედის სულში დაგროვილი გრძნობები იწვევს. ეს გრძნობები უსასრულობისკენ იწყებენ სწრაფვას და თანდათან თვალწინ გვესახება მშვენიერი ქმნილება. მაგალითად: რომანტიკოსთა შემოქმედება მთლიანად გრძნობებს ემყარება. რომანტიზმის ერთ–ერთი იდეალური ნიმუშია ნიკოლოზ ბარათაშვილის “მერანი”, რომელშიც ავტორი გვიხატავს სრულყოფილებისკენ სწრაფვის დინამიკურ სურათს და  შესანიშნავად გადმოგვცემს საკუთარ გრძნობებს.
თუკი ადამიანი შემოქმედობითობის  ნიჭითაა დაჯილდოებული, მისი ქმნილებები (ნახატი, ლექსი და ა.შ.)  ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევიან, მეტიც ქმნილებები ავტორის სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობენ.

No comments:

Post a Comment