რაფაელ სანტი (რაფაელი ან რაფაელო) 1483– 1520) — ხელოვანი მხატვარი და არქიტექტორი იტალიური მაღალი რენესანსის ფლორენციის სკოლის წარმომადგენელი, საყოველთაოდ აღიარებული მისი ნამუშევრების უნაკლობისა და სინატიფის გამო.
აღორძინების მხატვრობის ნათელი და ხალისიანი ფიგურა იყო რაფაელ სანტი. რაფაელი ებრაულად „ღვთის წყალობას“ ნიშნავს. სწორედ ასეთი წყალობა მოევლინა ქალაქ ურბინოს, როცა 1483 წელს იქ დაიბადა რაფაელი. თავდაპირველად რაფაელს ხატვა მამამ ასწავლა, შემდეგ ოსტატმა ვიტემ, ბოლოს კი პერუჯაში მხატვარ პიერო პანუჩის(პერუჯინოს) მოსწავლე ხდება. რაფაელმა მხატვრობის ნიჭი ადრეული ასაკიდან გამოავლინა. მოდერნიზმის დაბადებასთან ერთად გაბრწყინდა რაფაელ სანტის ხელოვნება. 17 წლის ასაკში ის უკვე ავტორია ნახატების „რაინდის სიზმარი“, „სამი გრაცია“ და „პერუჯინოს პორტრეტი“. 1504 წელს იგი მიდის ფლორენციაში, სადაც ამ დროს მოღვაწეობენ მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი. ამიტომ პირველ ხანებში რაფაელი განიცდის ლეონარდოსა და მაზაჩოს ზეგავლენას და ზურგს აქცევს წმინდა საეკლესიო მხატვრობას. სწორედ ფლორენციაში შექმნა მისი ცნობილი მადონების დიდი ნაწილი. „მადონა მწვანეში“(1505 წელი ვენა, სამხატვრო–ისტორიული მუზეუმი), „მადონა მშვენიერი მებაღე“, „მჯდომარე მადონა“ (1516წ ფლორენცია, პიტის გალერეა), „დიდი ჰერცოგის მადონა“ და ა.შ. ამის გამო რაფაელის მოღვაწეობას ფლორენციაში „მადონების პერიოდი“ უწოდეს. 25 წლის რაფაელი მიდის რომში, სადაც რომის პაპის დავალებით იწყებს ვატიკანის სასახლის მოხატვას. 1509-17 წლებში მოხატა სამი დიდი დარბაზი, მათ შორის „ხელმოწერის დარბაზი“, რომლის ოთხივე კედელი უკავია უზარმაზარ ფრესკებს „პოეზია“, „ღვთისმეტყველება“ „მართლმსაჯულება“ და „ფილოსოფია“. რაფაელმა სტანცა დელა სენიატურას თაღსა და სათითაოდ ყველა ფრესკაზე ალეგორიულად გამოსახა ღვთისმეტყველება–”დისპუტათი”, ფილოსოფია–”ათენის სკოლით”, მართლმსაჯულება–წმინდა თეოლოგებით, კარდინალებითა და კანონით. რაფაელის შედევრებიდან ათენის სკოლა ერთ–ერთი პოპულარული ქმნილებაა. (1509–1510, ფრესკა იატაკიდან დაახლოებით 770 სმ, სტანცა დელა სენიატურა, ვატიკანის სასახლე, რომი).
გარდა კედლის მხატვრობისა რაფაელი არაჩვეულებრივი პორტრეტისტიც იყო, სადაც კარგად გამოხატავდა ადამიანის ხასიათს, მაგ: „იულიუს მე-2 პორტრეტი“. რაფაელ სანტი ფერწერასთან ერთად შესანიშნავი გობელენების ოსტატი და დიდებული არქიტექტორიც იყო. რამდენიმე წლის განმავლოვაში ის ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი ეკლესიის წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობას.
1520 წლის 5 აპრილს თავის დაბადების დღეზე, 37 წლის ასაკში ციებით გარდაიცვალა.
რომაული არქიტექტურის დიდი თაყვანისმცემელი რაფაელი ანდერძში ითხოვდა, რომ დაეკრძალათ პანთეონში და მის საფლავზე დაედგათ ღვთისმშობლის ქანდაკება პატარა იესოთი ხელში.
“მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოსწონდათ რაფაელის ნახატები პირველად ნახვისას, აიხსნება, იმით, რომ რაფაელისეული მშვენიერება უფრო გონებისმიერია, ვიდრე თვალებისმიერი. ეს მშვენიერება პირველად ნახვისთანავე მაშინ აღიქმება, როცა მის ინტელექტს ჩასწვდები.” ანტონ რაფაელ მენგსი
No comments:
Post a Comment